პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია.
„დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.
ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ, “- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა.
„ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით, “- ამბობენ პარტიაში.
გუშინ, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
გუშინვე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.