„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) ეხმაურება ISFED-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას. განცხადებაში ENEMO გმობს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს.
„ISFED ათწლეულების განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგის გზით.
ISFED-ის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიული ზომებით მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება.
ENEMO განმარტავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. მათი საქმიანობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს არჩევნების სანდოობას და საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს.
ENEMO-ს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია განუხორციელებია საქართველოში და შესაბამისად, ზუსტად იცის, თუ რა გადამწყვეტ როლს ასრულებენ ისეთი სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა ISFED, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფაში“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ENEMO მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ დაუყოვნებლივ გააუქმოს შემზღუდავი ზომები და პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.
„ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს და შექმნას ხელსაყრელი გარემო, რომელშიც არჩევნების დამკვირვებლებს შეეძლებათ თავიანთი მანდატის შესრულება დაშინების, რეპრესიების და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
ENEMO გამოხატავს სოლიდარობას ISFED-ის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიმართ, აფასებს მათ მუდმივ ერთგულებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ, მიუხედავად შექმნილი მტრული გარემოსი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.