მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტო - კვაჭანტირაძე შეზღუდვების კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად მიმართავს სალომე ზურაბიშვილს, რათა პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტოს უფლება.

„ვეთანხმები პათოსში ჩემს კოლეგებს და ყველა დასმულ კითხვას ვუერთდები. საბოლოო ჯამში ერთადერთი გამოსავალი მრჩება. მოვილაპარაკეთ ფრაქციაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის გაგრძელებას მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი. ამიტომ გვაქვს შემდეგ წინადადებები. ჯერ ერთი არ ვიცით, რატომაა ასეთი სასწრაფო წესით მისაღები და მერე ეს ნამდვილად არის ისეთი ცვლილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უნდა წარმოადგენდეს აქ და არა კომიტეტის თავმჯდომარე.

თუ პრემიერ-მინისტრი აპირებს მოსვლას, მე გთავაზობთ, გადავდოთ პირველ მოსმენით კენჭისყრა და ყველა ის შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დავუსვათ აქ და შეიძლება მან უფრო დაგვარწმუნოს, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია.

მე ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაცები წინასწარ შეთანხმებულია. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, მანამდე ჩვენ მივმართვთ სალომე ზურაბიშვილს, რომ პირველად თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს კანონს უფლება, რომ იგი იყოს აღსრულებაში მოყვანილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ ეს უფლება გამოიყენოს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კანონში ცვლილებები ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას აძლევს.


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვეტოს დადების პროცედურა შემდეგნაირია:

1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.

3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

4. თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას…