მოვუწოდებთ პროკურატურას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმეზე - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2022 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე.

„პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარუყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი, ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს.

მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა – ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე.

სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  სამწუხაროდ არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს ამ მიმართულებით (მათ არაეფექტიანობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში).

2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა.

„ეროვნულ დონეზე, სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ყველა უფლებადარღვეული პირი ცნოს დაზარალებულად. ამასთან, აუცილებელია მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ არ მისცა ზემოხსენებული გამოძიების მასალებზე დაშვება სახალხო დამცველის აპარატს.

თუმცა, აქვე პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარალელურად, ომბუდსმენი სთხოვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას.