ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება ჭიათურაში, შუქრუთში მდებარე მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც 46 წლის მაღაროელი გარდაიცვალა. ორგანიზაცია სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
შემთხვევა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ვაკე ტყე ოთხის მაღაროში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესის დროს მაღაროელს ტრაქტორმა გადაუარა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების შრომის პირობები წლების განმავლობაში მძიმე რჩება.
„დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატიურად ირღვევა. შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ. ჭიათურასა და ზოგადად სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის კერებში არსებული უმძიმესი, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცვლელი სამუშაო პირობების არსებობას ადასტურებს არაერთი კვლევა, მათ შორის Human Rights Watch-ის სიღრმისეული ანგარიში.
რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია საკვანძო დარგად გამოცხადდა და იქ დასაქმებულმა მშრომელებმა საგამონაკლისო წესით მუშაობა კარანტინის პირობებშიც განაგრძეს. სახიფათო სამუშაო სპეციფიკისა და პროფესიულ დაავადებებთან დაკავშირებული დამატებითი საფრთხეების მიუხედავად, სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება.
აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია, “ჯორჯიან მანგანეზი” სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ექვემდებარება. 2017 წლის მაისში კომპანიაში სპეციალური მმართველი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად დაინიშნა. დანიშვნასთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეუსრულებელ სალიცენზიო და სანებართვო პირობებზე, მათ “უხეშ უგულებელყოფაზე” მიუთითებდა. სპეციალურ მმართველს “სიტუაციის ეტაპობრივი გამოსწორება” დაევალა და კომპანიის “ერთპიროვნული და დამოუკიდებელი” მართვის უფლება მიენიჭა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “ჯორჯიან მანგანეზს” დღეს სახელმწიფო მმართველი განკარგავს, ჭიათურაში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობა მძიმე რჩება. COVID 19-ის პანდემიის დაწყებამდე ჭიათურაში ითხვისისა და შუქრუთის მოსახლეობა სახლ-კარის დაზიანების მიზეზების შესწავლას ითხოვდა, მაღაროებში კი პიკეტირების გამო მოპოვებითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ამასთან, ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში ხშირია სასმელი წყლის უკმარისობა, საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების დაკარგვა, ბუნებრივი და საცხოვრებელი გარემოს ხმაურით, მტვრითა და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება. ეს და სხვა პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.
საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, რაც დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შესწავლის უფლებამოსილებისა და სანქცირების სათანადო შესაძლებლობით განისაზღვრა, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამთო-ინდუსტრიულ საწარმოებში დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად მოწყვლადი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა, “- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
EMC-ში ამბობობენ,რ ომ ინსტიტუციურად ძლიერი, რესურსებით გამართული და დაბალანსებული შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ყველა სახის შრომითი უფლების მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქცირების შესაბამისი მანდატი ექნება, დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
EMC მოუწოდებს:
საქართველოს პარლამენტს და მთავრობას
- შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, დროულად გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და იზრუნოს ინსპექციის ადამიანური და ფინანსური რესურსებით გაძლიერებაზე;
შრომის ინსპექციას
- საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ჭიათურის მაღაროში არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება.
საქართველოს პროკურატურას
- დროულად და ობიექტურად გამოიძიოს მაღაროში მომხდარი საწარმოო შემთხვევა.