პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მოუწოდებს ქართველ დეპუტატებს, უარი თქვან „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც, ინსტიტუტის განცხადებით, ავტორიტარული სახელმწიფოების, მათ შორის, რუსული კანონის მსგავსია.
როგორც IPI წერს, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები მას ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით ამართლებენ, არის რისკი, რომ კანონპროექტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იარაღად იქნება გამოყენებული.
„IPI ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქართველი კანონმდებლები რუსეთის ავტორიტარული სისტემიდან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის გადმოღებას განიხილავენ.
უცხოეთის აგენტების შესახებ პუტინის კანონი კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად რუსეთში. მსგავსი კანონის არსებობა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობა აქვს“, – აცხადებს IPI-ს დირექტორის მოადგილე სკოტ გრიფენი.
მისი თქმით, კანონპროექტის მხარდამჭერები მას გამჭვირვალობით ფუთავენ, მაგრამ IPI შიშობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში კრიტიკული მედიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ, უწოდებენ რა მათ უცხოური გავლენის აგენტებს. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისა და ქართული საზოგადოებისთვის.
„ის სახელმწიფოს მისცემს მძლავრ ინსტრუმენტს განსხვავებული ხმების, მათ შორის ჟურნალისტების დასაშინებლად, რაც საბოლოოდ საფრთხეს ქმნის, რომ ქართულ საზოგადოებას ახალი ამბებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე წვდომის უფლება შეეზღუდება.
ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებს, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილონ დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე, რათა მან თავისი საქმის კეთება შეძლოს“, – აცხადებს გრიფენი.
IPI-ის შეფასებით, ბოლო წლებია, საქართველოში მედიის მდგომარეობა ისედაც უარესდება და მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება კი 2021 წლის 5 ივლისი იყო, როცა 50-ზე მეტი ჟურნალისტი იქცა ძალადობის ობიექტად. უკუსვლაზე მიანიშნებს, აგრეთვე, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც, რომლის საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულად იყო აღქმული.
IPI-ის განცხადებით, რუსეთში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი სულ უფრო და უფრო მკაცრდებოდა 2012 წლის შემდეგ და საბოლოოდ პუტინისთვის მძლავრ რეპრესიულ იარაღად იქცა. რუსეთის მაგალითი აჩვენებს, რამდენად სახიფათოა მისი მიღება.
ინსტიტუტი წერს, რომ ევროკავშირში არ აღიარებენ მსგავს კანონმდებლობას. გამონაკლისი იყო უნგრეთი, რომელმაც შემოიღო მსგავსი კანონი, მაგრამ დადგინდა, რომ ის არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას. ბულგარეთში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ინიციატივის წამოყენებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და ის პარლამენტს არ მიუღია.