NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – მოწოდებაში რუსეთის მიმართ, გაიყვანოს ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან.
დეკლარაციის უმეტესი ნაწილი უკრაინას ეთმობა.
დოკუმენტში ნათქვამია:
„რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს.
რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.
ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრი და სამიტში მონაწილე ქვეყნები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და გააძლიერონ მათი შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
ამ კონტექსტში დეკლარაციაში საქართველო ნახსენები არ არის.
ასევე, 2024 წლის NATO-ს დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
შარშან, 2023 წლის NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს შესახებ ეწერა, რომ ალიანსი რჩება ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP-ით), რომელიც გაწევრების განუყოფელ ნაწილად ითვლება.
კომუნიკეში ასევე ეწერა, რომ მოკავშირეები ასევე იყვნენ მზად, „სრულიად გამოიყენონ ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“.
ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების მიმართ მხარდაჭერა იყო გამოცხადებული 2021 წელს ბრიუსელის სამიტის შემდგომ დეკლარაციაშიც.