მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს დროში გამოიძიონ მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმა - ქარტია

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მარნეულში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

“ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.  აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების  მიმართ ძალადობა.” – ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში დღეს „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე).