არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას. რიგგარეშე სხდომა პარლამენტში 21 ივნისაა ჩანიშნული.
განცხადებაში წერია, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება სრულად იდეალური არ არის, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სიით არ ტარდება, თუმცა, ორგანიზაციების თქმით, შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია.
„გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს”, – წერია განცხადებაში.
განცხადების ტექსტს გთავაზობთ სრულად:
„21 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხი უნდა განიხილოს. 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის შეხვედრების ფასილიტატორმა საერთაშორისო პარტნიორებმა.
შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით. ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.
საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი, ის ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში. სამართლიანი საარჩევნო სისტემა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისა და რეფორმების განხორციელების გზაზე არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.”
განცხადებას ხელს აწერენ:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
უფლებები საქართველო
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში ჯერ არ ასახულა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში უკვე გაიმართა, ხვალ კი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მანამ, სანამ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.