მოვუწოდებთ შსს-ს, დროულად გამოიძიოს „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი - ქარტია

პუბლიკა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ განცხადებას „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დავითგარეჯში მომხდართან დაკავშირებით ავრცელებს.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.

„ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გვანცა წულუკიძე წერს, რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დაესხნენ თავს.

„ივერი მელაშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!” – წერს ის.

„პუბლიკა“ ორაგანიზაციის კიდევ ერთ იურისტს, ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა. იურისტი ამბობს, რომ დავითგარეჯში სიუჟეტის მომზადებისას ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, დაზუსტებით არ იცის, რა მოხდა, თუმცა შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს. იურისტი ამბობს, რომ, როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მხრიდან იყო შეურაცხყოფა.