„მოვუწოდებთ სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი, გადავიდნენ მოლაპარაკებაზე" - თსუ გამოცდების ფორმატს არ ცვლის

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განცხადებით ეხმაურება სტუდენტურ მოძრაობას, მოუწოდებს მათ, დატოვონ რექტორის კაბინეტი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე.

მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოცდები აუდიტორულ ფორმატში ჩატარდება.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა.

ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად.

სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას”, – ნათქვამია თსუ-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.


2-თვიანი პროტესტის შემდეგ სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის” წევრები 10 ივნისს თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრნენ. მათი მოთხოვნებია:

1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა;
2. ფინანსური გამჭვირვალობა;
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება;
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება.