SJC: მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღადგინოს გათავისუფლებული თანამშრომლები

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაფიცული 17 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გაფიცვის გამო, დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არსებითად უკანონოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ უფლებრივ გარანტიებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს თეატრის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღადგინოს გათავისუფლებული თანამშრომლები.

„საქართველოს შრომის კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

უკანონო გაფიცვის შემთხვევაც, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება, გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირის წევრები იყვნენ, კერძოდ, მათ ინტერესებს, ამ პროცესში „მეცნიერების განათლების და კულტურის პროფკავშირი“ წარმოადგენდა. შესაბამისად, დამსაქმებლის ქმედება პროფკავშირის წევრობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებსაც შეიცავს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, მშრომელები, რომლებიც პროფკავშირულ საქმიანობაში, მათ შორის, გაფიცვაში მონაწილეობენ, დაცული უნდა იყვნენ ანტიპროფკავშირული დისკრიმინაციისგან, განსაკუთრებით კი სამსახურიდან გათავისუფლების სახით. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზოგადი მოთხოვნის თანახმად, დაუშვებელია პირები რაიმე ფორმით დაისაჯონ კანონიერ გაფიცვაში მონაწელეობის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე მოუწოდებს:

  • შრომის ინსპექციის სამსახურს – დაუყოვნებლივ შეისწავლოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • საქართველოს სახალხო დამცველს – შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების შემთხვევა, განსაკუთრებით პროფკავშირის წევრობის ნიშნით, შესაძლო დისკრიმინაციის თვალსაზრისით, და მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების აღსადგენად.

ოპერისა და ბალეტის თეატრმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეატრის ფუნქციონირება „ვერ იქნება დამოკიდებული თანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე. აქედან გამომდინარე, იზრუნა რა შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებელ გაგრძელებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე, თეატრმა უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა პირების მობილიზება”.

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, გუშინ მათ მიიღეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.