მოვუწოდებთ უწყებებს დროული რეაგირებისკენ - პარლამენტის გენდერული და ბავშვთა უფლებების საბჭოები

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოები 13 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან. საბჭოს წევრების განცხადებით, შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის – სექსუალური ხასიათის ძალადობა და გმობენ მომხდარ ფაქტს. საბჭოები აცხადებენ, რომ საჭიროა ამ პრობლემისადმი მეტი ყურადღების დათმობა და შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

  1. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად მოახდინონ რეაგირება და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მისცენ ყველა შესაბამისი პირი. აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტზე შსს-ის მიერ უკვე დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
  2. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროულად იქნას გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დასაცავად.
  3. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა თითოეულ შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დასჯილი.
  4. ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ინტენსიურად განვაგრძოთ მუშაობა ძალადობის პრევენციისა და კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა საპასუხოდაც სახელმწიფოს ჯერ კიდევ უამრავი აქვს გასაკეთებელი.
  5. ამასთან, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, სექსუალური ძალადობის და განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ფაქტების გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მსხვერპლის, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საბჭოების განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგომ იმშობიარა. მან ბავშვი რამდენიმე თვის წინ გააჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია საქმეზე სისხლის სამართლის 140-ე მუხლით, რაც თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრადებული დაკავებულია. ის პოლიციამ თებერვალში დააკავა.

შემთხვევის შესახებ წყარო ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთს“ უყვება. როგორც გამოცემა წერს, დაკავებული ოჯახის ნაცნობი იყო, ძალადობას კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგო 12 წლის იყო.