მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას გამოეხმაურა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მათ იმედი აქვთ ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.

აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო. 

საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.