დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის ქონისას სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ, თუნდაც მედიკამენტისა და პროდუქტის შესაძენად.
როგორც მან სააგენტო „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სასურველია, თუ რისკჯგუფში მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს სურსათისა და მედიკამენტების მომარაგებაში მოხალისეები დაეხმარებიან.
„ეს დაავადება, გარკვეულწილად, აზიანებს ასაკში შესულ ადამიანებს. უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს – წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი კურსის სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა, ამ ხალხს – ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ“, – განუცხადა IPN-ს გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აფთიაქებში მისული მოქალაქეებისთვის სადეზინფექციო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
„აფთიაქებმაც უნდა დაიცვან სისუფთავე. უნდა დალაგდეს ხშირად, აუცილებელია, იყოს სანიტარიზაცია. რომ შევა ადამიანი – ხელი დაიმუშავოს, რომ გამოვა – ისევ დაიმუშაოს ამ სადეზინფექციო საშუალებებით, – აცხადებს გამყრელიძე.