იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სახლემწიფოს ინტერესია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს ელექტორნული პირადობის მოწმობა. მინისტრს არ უთქვამს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ე.წ. ლამინირებული პირადობებით სარგებლობს.
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას დეპუტატებმა ბრეგაძეს ჰკითხეს, რამდენი ადამიანი სარგებლობს ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობის მოწმობით და რას აკეთებს სახელმწიფო ელექტრონული პირადობის მოწმობების პოპულარიზაციისთვის.
დეპუტატების შეკითხვები უკავშირდებოდა „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებითაც შეძლონ.
„ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმება გაიცემა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 6 თვემდე ვადით და კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე და ეს ხდება ერთი თვით. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ეს არ არის სხვადასხვა სახის რელიგიურ რწმენებთან კავშირში და რამე რელიგიურ დატვირთვას არ ატარებს პირადობის მოწმობა. მეორე მხრივ, პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის რწმენის თავისუფლებას… ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს მიღებული გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, შევასრულოთ, ასევე მოწადინებული ვართ, ადამიანებს ჰქონდეთ, რაც შეიძლება, მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა.
რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, ამ საკითხის ინიციატორები არ ვართ, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დაუსვათ შეკითხვა ინიციატორს და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ინტერესებთან სრულ თანხვედრაში.
კითხვა დაისვა, რა კავშირი ექნება ამას არჩევნებთან, გაყალბების გარკვეულ რისკებთან… დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს მაქსიმალურ ზომებს, რომ გაყალბების მექანიზმი არ გაიპაროს კანონმდებლობაში. კარგად ვიცით, 2012 წლის შემდეგ გაყალბება, ჩაყრა… წარსულს ჩაბარდა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება ნაკლები ლამინირებული პასპორტი იყოს და გვქონდეს ელექტრონული პირადობები. ახალ პირადობებზეც ვმუშაობთ, რომელიც კიდევ უფრო მაღალ ხარისხში იქნება დაცული. მეორე მხრივ, თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და ეს საკითხი ცილდება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ძველ, ქაღალდის პირადობის მოწმობას „ათობით ათასი ადამიანი“ ფლობს.
კანონპროექტის ინიციატორები მოქალაქეების საარჩევნო უფლებებზე მიუთითებენ და პოზიციის გასამყარებლად ეუთო/ოდირის რეკომენდაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებენ, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს.