მოწმეების გამოუცხადებლობის გამო ზუგდიდის სასამართლოში ვიტალი გუგუჩიას საქმის განხილვა გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
„დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა, რომ სასამართლო პროცესზე მოეყვანა მოწმეები, თუ დაზარალებული, თუ ვითომ დაზარალებულები. როცა უნდათ არ ჩამოვლენ, როცა უნდათ არ გამოცხადდებიან. პროკურორი კიდევ ხალხის გადახდილი ფულით ჩასხმული ბენზინით დადის ქუთაისიდან ზუგდიდში იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები გადადოს. მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მათ სათქმელი არც არაფერი აქვთ, არც მათ მოწმეებს აქვთ სათქმელი. მათი ყველა ჩვენება წინასწარი გამოძიების ეტაპზე არის ცრუ, რასაც ამ სასამართლო პროცესზე დაამტკიცებ და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი დამთავრდება პროკურატურის, რუსული ხელისუფლების მსახური პროკურატურის კრახით“, – თქვა „ფორმულასთან“ ვიტალი გუგუჩიამ.
ადვოკატი, იოსებ ჯანაშია განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებები, დაზარალებულად კი „POSTV“-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძეა ცნობილი. ჯანაშიას თქმით, გუგუჩიას პოზიციაა, რომ ის იყო დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა „POSTV“-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – აღნიშნულის შედეგად, გამოძიების ვერსიით, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვეღარ შეძლეს.
საქმე ეხება 31 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ვიტალი გუგუჩიასთან სახლში, სამეგრელოში, სოფელ კახათში „POSTV“-ის სახე, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა.
გუგუჩიას ცოლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას „მეგის ქარდავას ხელის ბიჭს” და „ჩახდილს” უწოდებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა.
ის და მისი ოჯახის წევრები „POSTV“-ის ჯგუფს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ, რასაც ნათია ბერიძე არ დაემორჩილა და პროვოკაციული კომენტარების გაკეთებას აგრძელებდა.
ხმაურის დროს ვიტალი გუგუჩიამ აგინა ოპერატორსაც, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა და გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს მიახტა/ფეხი დაარტყა. შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.
ვიტალი გუგუჩია თბილისში სურსათის მაღაზიის მფლობელია.
28 მაისს „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას რუსული კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, იქვე მდებარე მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი ფორთოხალი ესროლა. მომდევნო დღეს ჯაფარიძე ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა. თუმცა, მაღაზიის მფლობელმა ვიტალი გუგუჩიამ მას უთხრა, რომ „ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან [რუსული კანონისთვის ხმის მიცემით] შვილებს მომავალი წაართვა”.