„მოკლედ გეტყვით, რას დაეყრდნო ჩვენი გადაწყვეტილება“, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ალგორითმზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა მედპერსონალი ან თავდაცვის ძალები, კორონავირუსზე ტესტები სასულიერო პირებსა და მონასტრებშიც უნდა ჩატარდეს.
„საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა. როდესაც ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებდით (და ის ძალიან წარმატებით შესრულდა), იქ იყო შეტანილი სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც. რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც მიიჩნევა მოწყვლად ჯგუფებად”, – ამბობს მინისტრი.
„სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა. აქედან გამომდინარე, გაფართოებულ ალგორითმში სწორედაც რომ იქნა შეტანილი ამ პირების კვლევაც“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი შეიცვალა – გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომელთაც კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.
სიახლეა ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდნენ შემდეგი ჯგუფები: მედპერსონალი; ასევე – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი პირები; თავდაცვის ძალები; საეკლესიო პირები; მონასტრები და სხვა.