მოზარდის გამოკითხვაში მონაწილე გამომძიებელი გახმაურებულ „ყინწვისის საქმეშიც" ფიგურირებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულია პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეში, რამაც მოზარდი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა.

2019 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპანია ,,იმედის“ დილის ეთერში არასრულწლოვნის საქმეზე განმარტებები გააკეთა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელიც 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში მონაწილეობდა. მისი განმარტებით, არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა.

საია-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც.

ე.წ. ყინწვისის საქმე

გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ სამართალდამცველმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. გოგუაძის განმარტებით, მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩოლოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა. საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი ნიკოლოზ გოგუაძის განმარტებით, დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, კერძოდ, 2 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს გოგუაძე პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ. მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩოლოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. ამავდროულად ჩოლოიანის მიერ შედგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გოგუაძის დაკავების ფაქტობრივ დროდ მითითებულია 2011 წლის 27 მაისი, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გოგუაძე სამართალდამცველებმა 2011 წლის 26 მაისს დაახლოებით დილის 11 საათისკენ დააკავეს.

გოგუაძის დაკავება 2011 წლის 26 მაისს და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება ამავდროულად დადგენილად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: „მთავრობამ აღიარა, რომ მომჩივანი იყო მათი ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, 2011 წლის 26-27 მაისს და მან ამ პერიოდში მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება. […] საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მომჩივნის საჩივრის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დაზიანებები იყო არასათანადო მოპყრობის შედეგი, რომელიც მან მიიღო მისი დაკავების დღეს. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის [წამების აკრძალვა] დარღვევას“. მიუხედავად იმისა, რომ, ე.წ. ყინწვისის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უფლების დარღვევის ფაქტები დაადგინა, ეროვნულ დონეზე გამოძიება კვლავაც უშედეგოდ მიმდინარეობს და გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ ამ დრომდე არ მომხდარა ბრალის წაყენება არცერთი პირისთვის.

ნიკოლოზ გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის როლი აღნიშნულ საქმეში ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ არასრულწლოვანის საქმეზე გაკეთებული განმარტებებს.

„ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ გოგუაძის საქმეზე ამ დრომდე არცერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ნათლად ადასტურებს, რომ, როგორც წესი, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი და გამოუძიებელი რჩება. საია იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის საგამოძიებო მანდატი 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, შეძლებს სათანადოდ გაუმკლავდეს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ბოლომდე მიიყვანს არასრულწლოვნის საქმის გამოძიებას”, – ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.