მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული დედა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პუბლიკა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 14 წელს მიუღწეველ გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვნის დედას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლე რომან ხორავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას არ ეთანხმებოდა. ბრალდებული ქალი ამბობს, რომ ის გირაოს თანხას ვერ გადაიხდის, რადგან სოციალური დახმარების გარდა შემოსავალი არ აქვს.

„ჩემმა შვილმა რომ არ მითხრა, იმას არ ნიშნავს, რომ ვიცოდი. ბავშვმა დამიმალა. მე ვუთხარი, რატომ არ მითხარი-მეთქი და მემუქრებოდაო, დედაშენსა და შენს ძმასაო დაკარგავო, თუ რამეს იტყვიო“, – ამბობს ქალი თავის ბრალდებაზე საუბრისას.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებას მტკიცებულება არ აქვს და მოწმე არ ჰყავს. ის ფიქრობს, რომ სასამართლომ გირაო მომავალში ქალის დაპატიმრების გასამართლებლად გამოიყენა, რადგან ბრალდებული დათქმულ დროში თანხის გადახდას ვერ შეძლებს. ადვოკატი მოსამართლის განჩინების გასაჩივრებას გეგმავს.


როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას.

„ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა. ე.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე ე.ს.-ისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მათი განცხადებით, საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად.