„მქონდა განცდა, რომ საბჭოთა პროცესის მონაწილე ვარ" - სასამართლოში გიორგი მელაძე გამოკითხეს

პუბლიკა

სასამართლოში დღეს „კანვას საქართველოს” დირექტორი, გიორგი მელაძე გამოიკითხა. მელაძე ადვოკატთან ერთად აპირებს, რომ სასამართლოში სუსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

„ჩემთვის ასეთი ტიპის პროცესი, ასეთი კითხვები, დაბარება ასეთ საქმეზე იყო შეურაცხმყოფელი. ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციას, რომ მოვიფიქროთ პროცესი, რის ფარგლებშიც, ალბათ, ზიანის ანაზღაურება უნდა მოვითხოვო. გაუგებარია, რითაც ისინი[გამომძიებლები] ინტერესდებიან, რატომ არის სახელმწიფო საიდუმლო. დღეს მქონდა განცდა, რომ საბჭოთა პროცესის მონაწილე ვარ”, – თქვა გიორგი მელაძემ გამოკითხვის შემდეგ.

გიორგი მელაძის ადვოკატია შოთა თუთბერიძე. შეკითხვებზე, რომლებიც მის გამოკითხვის ფარგლებში დაისვა, ისინი ვერ საუბრობენ.

„ეს საქმე არის სრული სისულელე. ლექტორს ეკითხება სუსი, ლექციაზე რატომ საუბრობდა ფინეთ-რუსეთის ომზე ან რატომ მოიყვანა მაგალითები ბერლინის აღების ოპერაციიდან, თუ ეს არ ეხებოდა ლექციას… მთლიანი პროცესი არის დამიზნებული არა კონკრეტული პირისადმი, არა კონკრეტული ლექტორისადმი, არამედ ზოგადად სამართლებრივი სისტემის ცვლილებისადმი საქართველოში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

„კანვას-საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. მელაძემ უწყება გუშინ გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანდა, რომ მას გამოკითხვაზე მოწმის სახით იბარებდნენ.

მანამდე, გამოკითხვაზე დაიბარეს ნინო გოგიბერიძე, „კანვას-საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ისიც მოწმის სახით.

სუსში 2 ოქტომბერს ითქვა, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების დამხობის პროცესში.

სუსის ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.„კანვას – საქართველო“ ამბობს, რომ ორგანიზაცია ხედავს ზეწოლას „კანვას – საქართველოს“ დირექტორის მიმართ და ასევე იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან ორგანიზაციასთან. აშშ-ის საელჩომ უწყების ბრალდებებს მცდარი უწოდა.