მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ფასილიტატორებთან, მომდევნო კვირას უნდა ველოდოთ სიახლეებს - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მომავალ კვირაში შესაძლოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებისა და მოლაპარაკების საკითხზე უფრო კონკრეტული გეგმები გამოიკვეთოს.

მისი თქმით, მომავალ კვირას უნდა ველოდოთ სიახლეებს და შესაძლოა დაიდოს ახალი დოკუმენტი ან მესამე რაუნდის დაწყების თარიღი დასახელდეს.

„მქონდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენი ფასილიტაციის მხარეებთან და შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას უნდა ველოდოთ სიახლეებს. სიახლეებს იმიტომ, რომ რაღაც წერტილი უნდა დაესვას ამ პროცესს. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, უნდა შედგეს საბოლოო დოკუმენტი და ვნახოთ, ვინ აწერს ხელს ამ შეთანხმებას და ვინ არ აწერს.

მომდევნო კვირაში შეიძლება ეს იყოს გარკვეული თარიღი, როცა მესამე რაუნდი იქნება, შეიძლება ეს იყოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, რომელიც დაიდება, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ უკვე მოლაპარაკება დანიშნული მომავალ კვირაში, სამივე ვარიანტს ველოდები, იმიტომ, რომ მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას ბოლო დღეებში ჩემი კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც მე ჩემი ხედვა გავუზიარე, “- ამბობს ის.

გიორგი ვაშაძე ასევე ამბობს, რომ ახალი სტრატეგია აუცილებლად მოიტანს შეთანხმებას.

„მე 90%-ით დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მოხდება. თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება. შემიძლია უკვე მეტი ალბათობით გითხრათ ჩემი განწყობა ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვესაუბრე და ძალიან მაღლა არის აწეული უკვე საქართველოს საკითხი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დოკუმენტში, რომელიც მედიატორების მხრიდან მომავალ კვირას შეიძლება დაიდოს, შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ ყველა  საკითხთან დაკავშირებით იქნება საუბარი.