მრავალი თვალსაზრისით შვედეთი მსოფლიოსთვის მომავლის მოდელია კორონავირუსთან ბრძოლაში - WHO

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა ქვეყანაში სამუშაო ადგილების დახურვაზე და მკაცრ კარანტინზე, უნდა იქცეს მოდელად სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში.

„თუ სიტუაციის ნორმალიზებას მოვახერხებთ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამის გამო შვედეთი წარმოადგენს მომავლის მოდელს, თუ ჩვენ გვინდა ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება, სადაც არ გვაქვს იზოლაცია“, – განაცხადა მაიკლ რაიანმა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორია. ის ამბობს, რომ შვედეთმა სწორი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების დასაწყისშივე.

მისი თქმით, შვედეთის ხელისუფლებამ დასაწყისშივე დაიწყო ტესტების გაკეთება და ჯანდაცვის სისტემების და სექტორის მზაობაზე ინტენსიურად ზრუნავდა.

„შვედეთმა ჩამოაყალიბა სოციალური დისტანცირების ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა, იზრუნა ადამიანთა დაცვის გრძელვადიან პოლიტიკაზე. შვედეთი ძალიან ენდობა მოქალაქეებს და მათ სურვილს, თავად იზრუნონ ფიზიკური დისნტაცირების დაცვაზე“.

ჯანმო-ის მონაცემებით,  შვედეთში 21,092 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 596 ადამიანი.

შვედეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელშიც კორონავირუსის გავრცელების გამო მასობრივად არ დახურულა სამუშაო ადგილები, მუშაობას განაგრძნოებენ სკოლებიც. შვედეთი ამბობს, რომ მათი სტრატეგია მოსახლეობის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული. ისინი მუდმივად აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ დაიცვან დისტანცია და ხელის ჰიგიენა.