„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
„აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 ათასი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა. დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი. წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.