მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი „ქართულ ოცნებასთან“ უკვე გავლილია – უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მისთვის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის უცნობია, რა დოკუმენტი დაიდება დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა, როგორც გიგი უგულავა  აღნიშნავს, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დოკუმენტის შინაარსის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრებს უკვე აქვთ ინფორმაცია.

„არც მე და არც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა არ ვიცით, რა ეწერება ბოლოს დოკუმენტში. ეს არ ვიცით. სხვათა შორის აქ მე მაქვს [ეჭვი], ჩემი აზრით ლეგიტიმური და მე ამას აუცილებლად შევისწავლი და გავარკვევ,  იმიტომ რომ ჩემთვის, მაგალითად, ბევრი რამის მთქმელია.

აი, ავიღოთ და დავაკვირდეთ გუშინდელ დღეს. დილით შეხვდა დანიელსონს კობახიძე, მერე წავიდა პოლიტსაბჭო შეიკრიბა, მერე 6-ზე კიდევ შეხვდა და მერე ისევ პოლიტსაბჭო. მოდი ვთქვათ, პოლიტსაბჭოს შეკრება ნიშნავს, რომ კონსულტაციას გადიან ივანიშვილთან, მაგრამ ამ წუთას ეს არსებითი არ არის.

ჩემთვის არსებითი საკითხი არის სხვა რამე. მე მრჩება, აი, ამ მოძრაობებიდან და არა მხოლოდ,  არამედ ინფორმაციიდან, რამაც გამოჟონა, შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ეს „დრაფტი“ თუ წინადადება, რომელიც ჩვენ დღეს გვემცნო, უკვე გავლილია ან მისი დეტალები მათთვის ცნობილია. თუ ეს დადასტურდება, ყველას პატივისცემის მიუხედავად, ეს ვერ იქნება სრულფასოვანი ვერც მედიაცია და ვერც ვერაფერი“, – ამბობს გიგი უგულავა.


მედიატორების შუამდგომლობით ოპოზიციურ პარტიებსა „ქართულ ოცნებას“ შორის ერთობლივი შეხვედრა 5 საათზე დაიწყო.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს, კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.