მრევლი 9 საათამდე მივა ტაძარში და მსახურების შემდეგ 6 საათზე დატოვებს ტაძარს- ჯაღმაიძე

პუბლიკა

ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან აღდგომის მსახურებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საპატრიარქოს ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდა ხელისუფლებასთან.

„საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და შეძლონ ტრადიციულად დღესასწაულის აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რაც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული”, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს 9 საათამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დილის 6 საათზე დატოვოს. ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში მრევლს შეეძლება, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, იმედი აქვთ, რომ მრევლის მხრიდან ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია.

„დიდ ტაძრებში 2-მეტრიან დისტანციაზეა საუბარი. პატარა ტაძრებში მრევლი მაქსიმალურად უნდა იყოს ეზოში, შესაბამისი დისტანციის დაცვით”, – განაცხადა ჯაღმაიძემ და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ტაძარში წირვა დილითაც ჩატარდება და ასე განაწილდება მრევლი.