მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა 10 თებერვლისთვის გადაიდო

პუბლიკა

მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა 10 თებერვლისთვის გადაიდო.

მსახიობს შსს ედავება 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.

მსახიობმა ანა ტყებუჩავამ პროცესზე განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია სამართალდამცველებისგან რამე გაფრთხილება და ახლომდებარე კაფედან გამოსული შეუერთდა სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ.

მისი თქმით, როგორც მსახიობი, რომელსაც საზოგადოება იცნობს, პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ქმედებებს და ცდილობს, ისეთი არაფერი გააკეთოს, რაც სხვებისთვის ცუდი მაგალითი იქნება.

„მახსოვს, გაცილებით ადრე მივედი რუსთაველზე. არ იყო იმდენი ხალხი, რომ გზა გადაეკეტათ. ვიდექი ტროტუარზე, ვნახე ნაცნობები და ვსაუბრობდით. აღვნიშნე, რომ შეიძლება დღეს გზა არ გადაიკეტოს, რადგან არ ვართ შესაბამისი რაოდენობით-მეთქი. ამის მერე გვერდზე მდებარე კაფეში შევედით, რადგან ციოდა. კაფეში რიგი იყო, დიდი ხანი დავყავით იქ. ჩეკის სახით არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იქ ყავა შევიძინე. რომ გამოვედი, ხალხი მიმოფანტული იყო კაფეში, ხოლო გარეთ კი გზა გადაკეტილი იყო. გზა რომ გადაიკეტა და მანქანები არ მოძრაობდნენ, მეც იქ დავდექი. სამართალდამცველების მხრიდან არანაირი გაფრთხილება არ იყო იმისა, რომ მე კანონს ვარღვევდი“, – განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

დაცვის მხარემ სადავოდ გახადა შსს-ს ყველა მტკიცებულება. ადვოკატი აპელირებდა იმაზე, რომ სამართალდარღვევის ოქმს არ ახლავს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დრო და ადგილი.

მისივე თქმით, კანონით ცხადი არ არის, რა რაოდენობა ითვლება გზის გადაკეტვისთვის საკმარისად.

რაც შეეხება შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას, რომელიც დარბაზში მსხდომთათვის განხილვის ეტაპზე საჯარო არ ყოფილა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ანა ტყებუჩავა ერთ კადრში ჩანს და ამ კადრის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე ხალხი საკმაოდ მჭიდროდ დგას.

ანა ტყებუჩავას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს, 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხეილ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.