მსახიობ გიორგი გურგულიას ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი. მას ცოლი სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დაშვებაზე იმსჯელეს. მომდევნო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.
მსახიობი ამბობს, რომ ცოლს აგინა და ამის გამო უჩივლა. გიორგი გურგულიამ და მისმა ადვოკატმა მედიასთან განაცხადეს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და მსახიობს ცოლზე არ უძალადია.
პროკურატურამ მსახიობ გიორგი გურგულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა. წარდგენილი მუხლებია: 11 პრიმა -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა); 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი (ოჯახის წევრზე სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (თვითნებობა).