მსახიობი ანა ტყებუჩავა მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

მსახიობი ანა ტყებუჩავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.

მსახიობს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 იანვარს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

შსს-ს წარმომადგენელი სასამართლო განხილვისას ამბობდა, რომ 112-ის სამეთვალყურეო კამერების გამოკვლევა აჩვენა, რომ აქციაზე გზის გადასაკეტად ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო. მისივე თქმით, კადრებში ჩანდა ანა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე.

დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა სამართალდარღვევათა ოქმს და სადავოდ ხდიდა მტკიცებულებებს. ადვოკატი ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა.

ანა ტყებუჩავამ 22 იანვრის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია სამართალდამცველებისგან რამე გაფრთხილება და ახლომდებარე კაფედან გამოსული შეუერთდა სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ.

მისი თქმით, როგორც მსახიობი, რომელსაც საზოგადოება იცნობს, პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ქმედებებს და ცდილობს, ისეთი არაფერი გააკეთოს, რაც სხვებისთვის ცუდი მაგალითი იქნება.

ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხელ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.