მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

პუბლიკა

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაკავებულია.

მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ის სახლში დააკავეს და გადაიყვანეს.

„პუბლიკა“ ერთი საათია, უშედეგოდ ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას და დეტალების გარკვევას.

ცოტა ხნის წინ სამთავრობო „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ანდრო ჭიჭინაძის დაკავების ფოტო და დაწერა, რომ ის მსახიობი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შსს ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს.

ერთი გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც, ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 9 პირი.

მეორე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც, ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 8 პირი.

ჯერჯერობით უცნობია, იმ გამოძიების კვალიფიკაცია, რომლის ფარგლებშიც ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს.