მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს

პუბლიკა

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ინფორმაციით, მას დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებიდან და უთხრეს, რომ დაინტერესდნენ მის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ.

„კურიერის“ ინფორმაციით, მსახიობი და ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას ჯერჯერობით არ გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე მართლაც დაიბარეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიების დაწყება და პროცესის წარმართვის მიმართულება, დამოკიდებულია იმაზე, რა ინფორმაციას მიაწოდებს საგამოძიებო უწყებას მსახიობი.


12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

თავად ძალადობაში დადანაშაულებულმა ბესო ზანგურმა მედიასთან განაცხადა, რომ სიცრუეა, რასაც მისი ყოფილი ცოლი მასზე ჰყვება.

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ღიად საუბარს მრავალი მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი გამოხმაურება მოჰყვა.