მსახიობობით შეძენილი ცოდნით მუშაობს - ორბანი ზელენსკიზე

პუბლიკა

„მე იურისტი ვარ და ვმუშაობ იმ ცოდნით, რომელიც დავაგროვე სამართლის სფეროში. ის, ვინც მსახიობია, მსახიობობით შეძენილი ცოდნით მუშაობს. რაიმე განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის შედახებ.

უნგრეთის პრემიერს მხედველობიდან გამორჩა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პროფესიით იურისტია. ზელენსკიმ ორბანს რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, გადაეწყვიტა, ვის მხარეს იყო.

„უნგრეთი არის უნგრეთის მხარეს“, – დაწერა შეკითხვის საპასუხოდ ორბანმა სოციალურ ქსელში.

ორბანი რუსეთიდან საწვავისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ასევე ევროკავშირის წევრი სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით უარს ამბობს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. თუმცა რუსეთისთვის დაწესებულ საერთო სანქციებს ხმა თავადაც მისცა.

როგორც AP წერს, ორბანი თავს არიდებს პუტინის სახელის ხსენებას. უნგრეთის პრემიერის აზრით, ამგვარი დახმარება უნგრეთს ომში ჩაითრევს. ორბანი საკუთარ თავს ქვეყანაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების დამცველად მიიჩნევს. მოითხოვს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები აღარ გაფართოვდეს და არ შეეხოს ენერგოსექტორს, რადგან უნგრეთი რუსული ენერგოსექტორის მთავარი მოსარგებლეა.

როგორც Associated Press წერს, ვიქტორ ორბანი პუტინის უახლოეს მოკავშირედ მოიაზრება ევროკავშირში. იგი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უნგრეთის ნეიტრალურობისკენ ისწრაფვის მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები კი სანქციებს უფრო და უფრო ამკაცრებენ.