მელია მთავრობას: გთავაზობთ ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა გაუგებრობა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას ხვალ, 15 ნოემბერს 14:00 საათზე საზოგადოებას მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეკრებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მეტროსთან შეკრების შემდეგ გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება თბილისის ორივე სანაპიროზე სამანქანო გზა.

მელიავ ასევე მთავრობას შესთავაზა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც სააკაშვილის სამოქალაქო ციხეში გადაყვანის საქმეში იქნება ჩართული.

„მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება“, – აღნიშნა მელიამ.

მისი თქმით, „რეჟიმს“ არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანოს, გარდა მასზე პირადი შურისძიებისა.

„ეს იქნება უმწვავესი, არაძალადობრივი აქცია, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართავს და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი მიეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, – განაცხადა მელიამ.

მელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ „უშუალოდ სამოქალაქო სააადმყოფოს გარშემო“.

„მე გთავაზობთ ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატი, ოჯახის ერთი წევრი, ენმ-ის ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი“, – მიმართა მელიამ ხელისუფლებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, საპროტესო აქციები გახდება მშვიდობიანი, მაგრამ უმწვავესი.