კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორა, რომელიც კალაძის თქმით, მიზნად ისახავს ფეიკნიუსების წინააღმდეგ ბრძოლას.
კოალიციია მიიჩნევს, რომ აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. გთავაზობთ განცხადებას:
„კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.
მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.
განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.
თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები”, – ნათქვამია განცხადებში.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია fake-ნიუსების წინააღმდეგ პროექტს იწყებს.
„ვიწყებთ თითოეულ fake-ბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ ასეთ სისულელეებს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს. უბრალოდ ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში“, – განაცხადა კახა კალაძემ გუშინ ვიდეომიმართვაში.