მშენებლობის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით „ანას ბაღთან“ აქცია-პერფომანსი გაიმართა

პუბლიკა

„ანას ბაღთან“ აქტივისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი გამართეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და დაწესებულია შეზღუდვები და მოსახლეობამ შეკრება და მშენებლობის დაწყების გაპროტესტება ვერ მოახერხა, აქციის ორგანიზტორებმა ბაღთან ფეხსაცმელები დააწყვეს.

„ეს ფეხსაცმელები გამოხატავს სიმბოლურად იმ ადამიანებს, რომლებიც აქ, „ანას ბაღთან“ ცხოვრობენ. ეს ადამიანები ითხოვენ ამ ეზოს დაბრუნებას და მშენებლობის ადგილმონაცვლეობას“, – განაცხადა „ანას ბაღის“ დამცველმა გიორგი ფხალაძემ.


7 მაისს ვარკეთილში, „ანას ბაღის” მომიჯნავედ კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა“ მშენებლობა განაახლა.

მოგეხსენებათ, რომ საქალაქო სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ. დავის დასრულებამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მეორე ჯერზე კი საქალაქო სასამართლომ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და შედეგად, დავის დასრულებამდე კომპანიამ მშენებლობის უფლება მიიღო.

ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე წელია, ბაღის შესანარჩუნებლად იბრძვის. კომპანია 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კომპანიაზე გაცემული სამშენებლო ნებართვა ვერ აკმაყოფილებს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.