მშობელი ამბობს, რომ მასწავლებელმა მის შვილს თმა ამოგლიჯა

პუბლიკა

რვა წლის, მესამეკლასელმა ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან, –  წერს facebook-ზე ქუთაისის მე-3 სკოლის მოსწავლის მშობელი.

მისი თქმით, სახლში მისულმა შვილმა უთხრა, რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა.

მისივე თქმით, წარსულშიც ჰქონიათ ამ მასწავლებლის მიმართ პრობლემები, მოსწავლეებთან ურთიერთობის ფორმებზე.

როგორც მშობელი წერს, მომხდარზე რეაგირების მოთხოვნით ოფიციალურ წერილს გაგზავნის განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და სახალხო დამცველთან.

როგორც „ქუთაისი პოსტთან“ მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, ამ ფაქტს მშობლებსა და კლასის დამრიგებელთან ერთად იკვლევენ.

„თუკი დადასტურდა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. მოვიწვიე კლასის დამრიგებელი და მშობლები თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ“, – თამაზ ჭაბუკიანი.

როგორც „პუბლიკას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სკოლა თავად აწარმოებს მოკვლევას საკითხში გასარკვევად. „თუ საჭირო გახდა, საქმეში სამინისტროც ჩაერთვება”.

მშობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელზეც, მისი თქმით, მასწავლებლის მიერ ამოგლეჯილი თმა ჩანს.