„მშობლები განათლებისთვის“ ხელისუფლებას წერილით მიმართავს და ბავშვების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ ხელისუფლებას წერილით მიმართა და ბავშვების წინაშე ნაკისრი საკონსტიტუციო და კანონიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში დაწესებული შეზღუდვების გამო და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ბავშვების იზოლაციას და ბაღების/სკოლების დაკეტვას ახლავს.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას. შევახსენებთ მთავრობას, რომ თითქმის ორი წელია მშობლებს და მცირეწლოვან ბავშვებს გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მშობლების ნაწილის განმარტებით გამოხატულია მხედველობის გაუარესებით, ხერხემლის დაავადებებით და სხვა ნეგატიური გამოვლინებით. იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები. ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება, მით უფრო იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ინტერნეტზე და გამართულ პერსონალურ კომპიუტერებზე.

მშობლებს მიგვაჩნია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის შესაძლებლობებზე, რომელთა ფარგლებში მოხდება ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მშობლებს აუცილებელ ნაბიჯებად ესახებათ:

  • სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში. რადგან მხოლოდ მასწავლებელთა ვაქცინაცია რისკების შესამცირებლად საკმარისი არ არის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ასევე ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და იმუშაონ მშობელთა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მოხდეს მშობლების მასობრივი ვაქცინაცია.
  • დანერგოს დიფერენცირებული მიდგომა სკოლებში და  შეიმუშაოს კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას ცალკეული სკოლა, რომლის მიხედვითაც შეფასდება რისკები და მიიღება გონივრული გადაწყვეტილებები.
  • დაუყოვნებლივ დაადგინოს და გამოაქვეყნოს უსაფრთხოების ის ნორმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სკოლებმა გახსნის შემდეგ.
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მშობელთა ჩართულობა-მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.  
  • ინდივიდუალურად სკოლებმა ორგანიზება გაუკეთონ უსაფრთხო ღია სივრცეებში რეგულარულ გასვლით გაკვეთილებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალიზაციის პროცესს.  თითოეულმა სკოლამ შეიმუშაოს განრიგი და უსაფრთხოების  ნორმები, რომელთა დაცვითაც შეძლებენ  მოსწავლეთა ჯგუფების ღია სივრცეში შეკრებას და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში შემეცნებითი პროცესის წარმართვას. ეს სივრცეები შეიძლება იყოს სკოლის ეზო, მუნიციპალური პარკი, სკვერი. დროითი გრაფიკის გარდა, მნიშვნელოვანია, სკოლამ განსაზღვროს რომელი საგნების პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას ამგვარ შეკრებებში და რამდენად ჩართულნი იქნებიან მშობლები. რაში დასჭირდება სკოლას მშობლების ჩართულობა და რა მოლოდინი ექნება სასკოლო თემის სხვა წევრებისგან.
  • I და XII კლასებისთვის გამონაკლისის დაშვება და მათთვის სკოლის შენობების გახსნა. რათა პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროცესი სწორად წარიმართოს, მე-12 კლასელებს სკოლაში მიღებული ცოდნით ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

„თუ ზემოთ აღწერილი მოკლევადიანი გეგმის შესრულება 15 სექტემბრამდე შეუძლებელია, მშობლები თანახმა ვართ, რომ სკოლის დაწყების თარიღმა ოქტომბერში გადაინაცვლოს. რადგან  წინა სასწავლო სემესტრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაუაზრებლად და დაუგეგმავად დაწყებულმა  ე.წ. ონლაინ სწავლებამ მნიშვნელოვანი დანაკარგები მოგვიტანა. მნიშვნელოვანია, რომ იგივე არ განმეორდეს და სასწავლო წელი დაიწყოს, გვიან, მაგრამ სწავლის შედეგები წინასწარ იყოს გათვლილი და მასალაც ადაპტირებულად მიწოდებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ტექსტი შემუშავებულია არასრულწლოვანთა მშობლებთან კონსულტაციების შედეგად. განცხადებას ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“.