იუსტიციის სახლის ცნობით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ყველა მშობელი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახები გაუმჯობესებული პირობებით.
„სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას.
მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ”, – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.