რუსული და ურკაინული დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ზელენსკიცა და პუტინიც მისთვის „ღირებული მეგობრები“ არიან. მისივე თქმით, თურქეთი მზად არის ორივე ქვეყნის ლიდერის შეხვედრას უმასპინძლოს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორივე მხარის „წუხილი ლეგიტიმურია“, თუმცა დადგა დრო, რომ „კონკრეტულ შედეგამდე მივიდნენ“.
თურქეთის პრეზიდენტმა დელეგაციებთან მისალმებისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მისივე თქმით, „სამართლიან მშვიდობას“ დამარცხებული არ ჰყავს, ხოლო კონფლიქტით სარგებელს ვერავინ იღებს.
„ასეთ კრიტიკულ დროს მოხარული ვართ, რომ გიმასპინძლოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ვისურვებდი, ჩვენი შეხვედრები და განხილვები ნამდვილად ხელსაყრელი გამოდგეს თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი რეგიონისა და მთელი კაცობრიობისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან დაუყოვნებლუვ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა მხარეებს და აღნიშნა, რომ ტრაგედიის შეჩერება ორივე მხარეზეა დამოკიდებული.