„მშვიდობიანი აქცია გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში“ - გომელაური რუსული კანონის აქციებს აფასებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე საუბრით დაიწყო.

გომელაურის თქმით, მშვიდობიანი აქცია გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მისი ინფორმაციით, დაშავდა 5 პოლიციელი და დააკავეს აქციის 40 მონაწილე.

„საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია, მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში დაკავდა 40 პირი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, გარკვეული ძალების მიზანი ესკალაციის შექმნა იყო.

„პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მესამე დღეს აქციაზე პოლიციის კორდონი მობილიზებული აღარ იყო, თუმცა კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა კანცელარიისკენ მსვლელობით სცადეს. გომელაურის შეფასებით, ცდილობდნენ კანცელარიაში შეჭრას.

„რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ.

საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას.

ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები.

საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით – დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს“, – განაცხადა ვახტანგ გომელურმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას.

„ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს და ესროლოს სხვადასხვა საგნები და სცადონ მათი ღირსების შელახვა. ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის. მაშინ, როცა 24 საათის განმავლობაში შენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან მართული მოქალაქეებისგან ისმინო შეურაცხყოფები. თითოეული პოლიციელის უკან დგას მათი ოჯახები, შვილები, მშობლები და დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთულია ამ ყოველივეს მოსმენა. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და ვთქვა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, თქვენ ყველას, ვინც მხარს უჭერდა პოლიციელებს იმ მძიმე ღამეს “, – განაცახდა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის განცხადებებს დარბაზში აპროტესტებდა საპარლამენტო ოპოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარემ გააძევა „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც მანდატურებმა ძალით გაიყვანეს. მან გაფრთხილება მისცა თინა ბოკუჩავასაც.

გომელაურმა სამწუხაროდ შეაფასა ალეკო ელისაშვილის ცემა, თუმცა დარბაზიდან რეპლიკის გამო მან შეფასება აღარ დაასრულა და აღნიშნა, რომ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.