„მშვიდობიანი, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი“ | ოპოზიციის საერთო განცხადება

პუბლიკა

დღეს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ. ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერების მიმართვებს უსმენენ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციაზე ოპოზიციის საერთო განცხადება წაიკითხა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან ასი წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.

საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრებისა და ოპოზიციის ოფისის შტურმით აღების შემდეგ საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანა ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტავად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმ სისტემით და წესებით, რომელიც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული. ესაა ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს არ გადაისინჯება.

ახლა „ოცნების“ მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკანდახევას არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანი ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია. ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი. ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი. დღეს ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს „ქართული ოცნების“ თავზე“, – ნათქვამია ოპოზიციის საერთო განცხადებაში.

ოპოზიციის ლიდერებმა სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ პროტესტი არ შეწყდება. აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან გადასვლას გეგმავენ.