მშვიდობის დამყარება რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - საგარეო ყარაბაღში ომის შეწყვეტაზე

პუბლიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით,  შეთანხმება კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს და საქართველო მზადაა სამშვიდობო პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს.

„საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ სამ ქვეყანას შორის შეთანხმება წუხელ მოხდა. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ჩერდებიან ამჟამინდელ პროცესზე, თუმცა სომხეთი გაიყვანს ჯარს აღდამის, კელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებიდან, დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს სტეფანაკერტთან დასაკავშირებლად, სანაცვლოდ კი აზერბაიჯანს გაუკეთებს უსაფრთხო დერეფანს ნახიჩევანისკენ.

შეთანხმების მიხედვით, რეგიონში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი სამშვიდობო ძალების სტატუსით შევა, ასევე გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს აზერბაიჯანენლი დევნილების დაბრუნება მთიან ყარაბაღში.