სახალხო დამცველის აპარატი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული საგანგებო ვიზიტის შედეგების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიის დაწყების შემდგომ შემუშავებული რეკომენდაციები დისტანცირებისა და პირადი სივრცის თაობაზე, პატიმართა სიმრავლის გამო არ არის სათანადოდ დაცული.
„მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულების შიგნით ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევა დაწესებულების სიდიდე და არსებული მრავალადგილიანი საკნებია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული 4 კვ.მ. პირადი ფართით. ამ საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია.
მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს პატიმართა რაოდენობის შემცირება და დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ეფექტიანი ზომების გატარება, რაც ხელს შეუწყობს პატიმრების უფლებების დაცვას, თანამშრომელთა ნაკლებ დატვირთვას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას”, – წერია განცხადებაში.
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში 2020 წლის 28 მაისს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.