„მსჯავრდებული არის არაადამიანურ პირობებში" - რას წერს ომბუდსმენის წარმომადგენელი დენის კულანინზე

პუბლიკა

„მსჯავრდებული არის არაადამიანურ პირობებში… ოთახში არის ტარაკნები. ტუალეტი არის მძიმე მდგომარეობაში, არის ანტისანიტარია. საწოლის [ბალიშები] არის უბინძურესი”, – წერს მსჯავრდებულ დენის კულანინის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელი 7 მარტით დათარიღებულ ოქმში.

„პუბლიკა” გთავაზობთ ოქმში მის მიერ აღწერილ პირობებს:

 „2026 წლის 7 მარტს შევხვდი მსჯავრდებულ დენის კულანინს N8  პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულის განმარტებით, 2025 წლის 31 მარტიდან იმყოფება N8 დაწესებულებაში. მისი განმარტებით, მსჯავრი აქვს 2 წლით პატიმრობა აქციებში მონაწილეობის გამო და არის რუსეთის მოქალაქე. ამა წლის 8 თებერვალს C კორპუსის 186-ე საკანში ყოფნის დროს (სულ იყო ამ საკანში 5 პატიმარი) ერთ-ერთმა პატიმარმა დაჰყო ტუალეტში 15 წუთი, 7-8 თანამშრომელი შევარდა, გადმოყარეს საწოლიდან მატრასი, საბუთები, პირადი ნივთები, მოექცნენ უხეშად, უყვიროდნენ, ქართულად იგინებოდნენ. დაუხიეს ევროკავშირის დროშა, ძირს დაადგეს დროში ნახევები. ამის შემდეგ გადაიყვანეს დენის კულანინი კარცერში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

8 თებერვლიდან 15 თებერვლამდე მსჯავრდებული განთავსებული იყო საწოლის გარეშე (ძირს იყო მარტასი და იატაკზე ეძინა). არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა საშხაპით და კბილის მოვლის საშუალებით. არ ჰქონდა საპონი, ითხოვდა ყოველდღე, თუმცა ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო შესაბამისი ელემენტარული პირობები.

14-18 თებერვალს 4 დღე იყო მშრალ შიმშილობაზე სამარტოო საკანში. არ მისცეს საშუალება დაერეკა ადვოკატთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან.

3 მარტს კორპუს D-ში 118-ე საკანში იმყოფებოდა [ზურა მენთეშაშვილთან] ერთად (ასევე აქციის მონაწილეა). იყვნენ ნახევრად შიმშილობაზე. (18 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით იყვნენ ნახევრად შიმშილობაზე [მენთეშაშვილთან] ერთად).

ამჟამად დენისი იმყოფება 3 მარტიდან კარანტინში და სურს, რომ გადაიყვანონ ნორმალურ სკანში. თუმცა დენისს განუმარტეს, რომ თუ არ შეწყვეტს შიმშილობას, არ გადაიყვანენ ნორმალურ საკანში.

კარანტინში არის ანტისანიტარია, არ აქვს პირობები. მისი დოკუმენტები თან არ აქვს, არ აძლევენ, საშხაპე არ არის ასევე ამ კარანტინში. მსჯავრდებული არის არაადამიანურ პირობებში.

მსჯავრდებული ითხოვს აპარატის უფლებამოსილების ფარგლებში შესწავლას.

P.S. მსჯავრდებულის განმარტებით, მთხოვა დამეთვალიერებინა საკარანტინე ოთახი.  N2 საკარანტინე ოთახი არის მძიმე მდგომარეობაში. არის ტარაკნები. (სკამზე ორი მკვდარი ტარაკანი ვნახე). ტუალეტი არის მძიმე მდგომარეობაში, არის ანტისანიტარია. საწოლის [ბალიშები] არის უბინძურესი.

მსჯავრდებულს ასევე სურს წერილების გაგზავნა, (გვაჩვენა ნიმუშები კონვერტში) თუმცა ვერ გზავნის. ვერ ხვდება სოც მუშაკს, არ აქვს შესაძლებლობა”, – წერს ოქმში სახალხო დამცველის წარმომადგენელი.


11 მარტს გავრცელებული განცხადებით პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა მათ შორის დენის კულანინის ბრალდებებს, თუმცა უწყება არაფერს წერს არაადამიანურ პირობებსა და ანტისანიტარიაზე.

„მსჯავრდებულმა დენის კულანინმა 2026 წლის 17 თებერვალს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, თუმცა მიუხედავად ამისა, შიმშილობის გამოცხადების დღიდან, მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს, როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რასთან დაკავშირებითაც დაწესებულებაში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები”, – წერს პენიტენციური.


28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.