მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი - ომბუდსმენი

პუბლიკა

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი დაკმაყოფილდა და პატიმრების ერთადგილიან საკანში მოთავსების დღეს მოქმედი წესი გაუქმდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად 2023 წლის 1 მაისამდე უნდა დაარეგულიროს ერთადგილიან საკანში პატიმრების მოთავსების პროცედურა და საფუძვლები.

სახახლო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ სახალხო დამცველი წლებია, მოითხოვდა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ხანგრძლივი დროით იზოლირებისა და სხვა პატიმრებთან კონტაქტის შეზღუდვის წესის შეცვლას.

„პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების თვეებისა და წლების განმავლობაში იზოლაციის პრაქტიკა, სახალხო დამცველს შეფასებული აქვს, როგორც არასათანადო მოპყრობა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (ჩPთ) ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმრებს, რადგან ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს აღნიშნული პირების ფსიქიკურ, სომატურ და სოციალურ ჯანმრთელობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც შესაძლებელი იყო პირის მოთავსება სამარტოო საკანში განუსაზღვრელი ვადით ჯეროვანი დასაბუთების გარეშე. ჩვენი შეფასებით მოქმედი რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა ღირსების უფლებასთან.

2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1676 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად ცნო ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ:

  • ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გამწესების დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განსაზღვრული ვადით, წერილობით და დასაბუთებულად;

  • გადაწყვეტილება სავალდებულო წესით უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული შეფასების ვალდებულებას;

  • გარდა ამისა, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით, რასაც სადავო ნორმებით დადგენილი წესი არ ითვალისწინებდა.