პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება შეაფასა, როგორც უპრეცედენტო მოვლენა, სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი და უკანონო ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში.
მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში მსგავსი ჩარევა მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. „ეს უკვე მთლიანი ქვეყნის ტრაგედიაა“, – აღნიშნავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ, მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა, მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.
სასამართლოს ცნობით, დღეს, 2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მანუჩარ კაკოჩაშვილს თავადაც სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა.