გასულ ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 415 უპილოტო საფრენი აპარატი და 42 ფრთოსანი რაკეტა და ერთი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა უკრაინის ტერიტორიების მიმართულებით.
საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, 386 დრონი და 27 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს ან გააუვნებელყვეს, თუმცა 21 დრონითა და 16 რაკეტით 17 ადგილზე იყო დარტყმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხმელნიცკის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა, განადგურდა სამკერვალო ფაბრიკა, დაზიანდა ბენზინგასამართი სადგური, მანქანები და მიმდებარე შენობები.
გუბერნატორ ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, ჟიტომირის ოლქში 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, ხოლო სამოქალაქო საწარმოები და სახლები დაზიანდა.
წინა დღით, 9 სექტემბერს დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაზე, მოსახლეობისთვის პენსიების გაცემის დროს, რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. ინფორმაცია ოლქის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა გაავრცელა.
„მინიმუმ მტრის 8 უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის რესპუბლიკის მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალებმა.
მომხდარს გამოეხმაურა ზელენსკი და თქვა, რომ რუსეთმა ესკალაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მისი თქმით, ეს არ იყო ერთი „შაჰიდი“, რომელსაც შეიძლება შემთხვევითი ეწოდოს, არამედ პოლონეთის მიმართულებით 8 დრონი გაუშვეს.
„ევროპისთვის უკიდურესად საშიში პრეცედენტია. იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად დამოკიდებულია კოორდინაციასა და რეაგირების სიძლიერეზე. რუსებმა უნდა იგრძნონ შედეგები“, – დაწერა ზელენსკიმ.