საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრის, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მოვლენები პოლიტიკურ მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს.
„მე ეგრე დავარქმევდი დღევანდელი მოვლენებს და ზოგადად, პროცესს. მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს და ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან.
რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს და ქმედების შემადგენლობას, გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა ან დაკარგვა.
მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, ვინაიდან, ამ შემთხვევაში მეცნიერები, პროფესიონალები ამ სფეროსი, თავიანთი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთა შესახებაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ.
საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან. ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება პროკურატურის განცხადებიდან.
…დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა და გაარჩიეს, რომელი რუკების გამოიყენებოდა და რომელი – არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი დაუმალავს და რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, საჯაროა. კომახიძეც საქმის პოლიტიზირებაზე საუბრობს.
„ქალბატონი ნატალია საქართველოს მოქალაქეა, მის ინტერესებშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. ადამიანმა რუკის სწორად წაკითხვა რომ იცოდეს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამისთვის ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს. ბრალდებულთან შეთანხმებით პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ, თუმცა, ყველა მოქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სუნი უდის. რუკების მის კაბინეტში აღმოჩენაზე ბრალდებაში საუბარი არ არის, საქმის მასალები ჯერ არ მინახავს. მას არავისთვის არაფერი დაუმალავს და ყველა რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, არამხოლოდ კაბინეტში, არამედ ინტერნეტსივრცეშია გავრცელებულია და ყველგან დევს“, – აცხადებს კომახიძე.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მათ ბრალად ედებათ აქვთ სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომელიც, პროკურორის შეფასებით, არის განსაკუთრებით მძიმე, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს.
„ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – განაცხადა სადრაძემ.
პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.