მსოფლიო ბანკი საქართველოს დამატებით 45 მლნ ევროთი დაეხმარება

პუბლიკა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.

დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური დახმარება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების“ ფარგლებში გათვალისწინებული სამ-ეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია. ის მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. პირველი საკრედიტო ოპერაცია – 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის“ საშუალებით გაიცა. მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.