მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა

პუბლიკა

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ბიულეტენშია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაცაა შეფასებული.

მსოფლიო ბანკში ამბობენ, რომ COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%- გაიზარდა.

„სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით  გაიზრდება.

ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა – გაჭიანურებული ვაქცინაცია,  დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა, “- ამბობენ მსოფლიო ბანკში.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება COVID-19-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე  ეკონომიკის ხელშეწყობაზე,“ – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ევროპისა და ცენტრალური აზრიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში პანდემია სავარაუდოდ წაშლის ერთ სულ მოსახლეზე მიღებულ სულ მცირე ხუთწლიან შემოსავალს  და გაზრდის სიღარიბის მაჩვენებელს ძირითადად სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. ზოგადად, ზრდის ტემპის აჩქარების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება რეგიონში დაბალ დონეზეა და ჩამოუვარდება პანდემიამდე არსებულ ტენდენციას.